Accessibility links

logo-print logo-print

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან


საარქივო ფოტო: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები, პარლამენტის წევრებად არჩეული ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ხვდებიან.

21 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათ დაასრულეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც და მზად არიან საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებზე სალაპარაკოდ და იმის გასარკვევად, მზად არის თუ არა მმართველი პარტია ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტების შესასრულებლად.

უკვე რამდენიმე კვირაა, უთანხმოებაა "მოქალაქეების" ლიდერებს და იმ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანისგან განსხვავებით, პარლამენტს მიმართეს უფლებამოსილების შესაწყვეტად. ელისაშვილმა "ქართულ ოცნებასთან" აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლაში "ევროპული საქართველოს" ლიდერები დაადანაშაულა. თავად ალეკო ელისაშვილს ბრალი დასდეს იმაში, რომ პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციის უმთავრეს მოთხოვნაზე, ვადამდელ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება. სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ელისაშვილი "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში წითელ ხაზად აქვს გამოცხადებული ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა. მმართველი პარტია თანახმაა საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გასულ წელს გაიმართა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი. პროცესის გაგრძელების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG