Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილის შვილიშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცა


დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, მალხაზ კურტაევმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვა და სოფელ ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადავიდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მალხაზ კურტაევი ბოლო ორი დღის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლას ცდილობდა, მაგრამ საოკუპაციო ძალების თვალთვალის გამო ამას ვერ ახერხებდა. დღეს გამთენიისას კი მან მავთულხლართებზე გადმოსვლა მოახერხა.

19 იანვარს კურტაევმა მომწამვლელი ნივთიერება დალია და ცხინვალის საავადმყოფოში მოხვდა. იქიდან დაბრუნებულმა კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ცოლის გამოძევება და მასზე განხორციელებული ზეწოლა ვეღარ აიტანა.

„ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის გამო გავაკეთე. ჩემს მეუღლესთან თუ არ ვიქნები და არ შევერთდებით, ჩემი ცხოვრება არაფერია. ვნერვიულობ, ჩემი ცოლი თვეზე მეტია არ მინახავს და ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ მასთან არ ვიქნები? რუსების და ოსების ხელში, მუქარის და თვალთვალის გამო ძალიან ძნელია“, - ამბობს მალხაზ კურტაევი.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კურტაევმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რასაც საოკუპაციო ძალების მხრიდან მუდმივად განიცდიდა.

„აქ რუსების უფროსის მოადგილე არის ერთი დაღესტანელი, 9 დეკემბერს მოვიდა, მე და თათია წაგვიყვანა მავთულებთან, ღობეზე ჩემი ორსული ქალი გადავსვი, საქართველოს [კონტროლირებად] მხარეს გადაგვიყვანა, ისევ გადმოგვიყვანა და ფოტოებს და ვიდეოებს მიღებდნენ, აი, საზღვარი დაარღვიეო, ასე რამდენჯერმე ორსული ქალი ღობეზე გადავსვი, გადმოვსვი. ამ ვიდეოზე და ფოტოებზე კიდევ აფიქსირებდნენ, რომ ვითომ მაშინ შემოვდივარ საზღვარზე. მერე სახლში მუქარებზე გადავიდა. - მიდი, ახლა ქართველებს შეაგინეო, ოსურად შეაგინეო. მე ქართველებმა კარგის მეტი არაფერი გამიკეთეს, მაგრამ იძულებული გამხადეს და შემაგინებინეს. არ დავმალავ ამას. ეს მოხდა მუქარის და შანტაჟის გამო. შეურაცხყოფას და თვალთვალს ვეღარ ვიტანდი. ახალგორში წამიყვანეს მერე კარანტინში. 9 დღემდე იქ დაგვტოვეს. ამათ „კაგებეს“ რომ ეძახიან, ეგენი მოვარდნენ და ჩემი ცოლი წივილ-კივილით მიჰყავდათ. გავეკიდე - სად მიგყავთ ჩემი ცოლი-მეთქი. საავადმყოფოში ხმაური ავტეხე, რატომ მართმევთ ცოლს-მეთქი. ვინ მომისმინა, თათია ქართულ მხარეს გადასცეს. მე შინაპატიმრობა მომისაჯეს თებერვლამდე“, - ჰყვება მალხაზ კურტაევი.

თვის ბოლომდე მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი შვილის დაბადებას ელოდებიან. მძიმე რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი დათა ვანიშვილის მდგომარეობაც. მისი ცოლის თქმით, ექიმი ხშირად აკითხავს, მაგრამ მოხუცი ფეხზე ვეღარ დგება. ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყეს. დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართი გაუვლეს. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დარჩა, მიწა კი - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილსა და მის ოჯახს უთხრეს, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გადასვლა ეკრძალებოდათ.

დათას შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება ასევე არაერთხელ წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG