Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რუსული ენის „განსაკუთრებული სტატუსი“


მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რუსული ენის, როგორც ერთა შორის ურთიერთობის ენისათვის მინიჭებული „განსაკუთრებული ენის“ სტატუსი.

„გადაწყვეტილება საბოლოოა, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან“, - განაცხადა 21 იანვარს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დომნიკა მალონემ.
მოლდოვის პარლამენტმა რუსულ ენას „განსაკუთრებული სტატუსი“ დაუბრუნა 2020 წლის 16 დეკემბერს, რაც, ოპონენტების თქმით, რუსულ ენას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სხვა ეროვნული უმცირესობების ენებთან შედარებით და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრორუსმა იგორ დოდონმა, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, გასული წლის 18 დეკემბერს მოაწერა ხელი კანონს რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.
კანონი ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ რუსულ ენაზე. კანონი ითვალისწინებს სანქციებს იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც უარს იტყვიან ამ მოთხოვნის შესრულებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართა სამმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსი აკნინებს თავად სახელმწიფო ენის როლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG