Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მიესალმება ბაიდენის განზრახვას „New Start“-ის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განზრახვას „New START“-ის სახელით ცნობილი ხელშეკრულების რამდენიმე წლით გაგრძელების თაობაზე, - განაცხადა 22 იანვარს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც დასძინა, რომ რუსეთს სურს იხილოს კონკრეტული წინადადებები ამერიკული მხარისგან.


მანამდე, 21 იანვარს, თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ბაიდენს განზრახული აქვს, მიაღწიოს „New START“-ის შეთანხმების ვადის გაგრძელებას დაახლოებით 5-6 წლით.


2010 წელს ხელმოწერილი New START-ი (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება), რომელსაც მომავალ თვეში გასდის ვადა, ითვალისწინებს ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რიცხვს, რომელთა განთავსების უფლება ეძლევათ რუსეთსა და აშშ-ს. ამ ხელშეკრულებამ შეცვალა 1994 წელს ხელმოწერილი START 1.

„რუსეთი და მისი პრეზიდენტი მხარს უჭერენ ამ შეთანხმების შენარჩუნებას“, განაცხადა 20 იანვარს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. „თუკი ჩვენი ამერიკელი კოლეგები ფაქტობრივად გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას ამ ხელშეკრულების შესანარჩუნებლად, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებულმა ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეცდება, გააგრძელოს შეთანხმება და გადაწყვიტოს, რამდენი ხნით გაგრძელდეს ის.

შარშან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონს მოუწოდა, ერთი წლით გააგრძელოს შეთანხმება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG