Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია რუსეთის მრავალ რეგიონში აკავებს ნავალნის მომხრეებს


ნავალნის მხარდამჭერის დაკავება სანკტ-პეტერბურგში
ნავალნის მხარდამჭერის დაკავება სანკტ-პეტერბურგში

საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნის მიერ 23 იანვრისათვის გამოცხადებული საპროტესტო აქციის წინ, რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განაგრძობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის მხარდამჭერების დაკავებას.

პოლიციამ 21 იანვარს მოსკოვიდან დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის წევრებისა და ნავალნის სხვა თანამებრძოლების დაკავება. კირა იარმიში და ვლადლენ ლოსი წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ პოლიციის შენობაში. შეუთანხმებელი მასობრივი ღონისძიებისკენ მოწოდებისთვის ნავალნის პრესმდივან კირა იარმიშს სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იუწყებიან, რომ ალექსეი ნავალნის მომხრეების დაკავება 22 იანვარს გაგრძელდა სანკტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში, ტიუმენში, უფასა და სხვა ქალაქებში. ათობით აქტივისტს ბრალად უყენებენ 23 იანვრის არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის თაობაზე გაკეთებულ მოწოდებებს.


ზოგიერთს სასამართლომ უკვე მიუსაჯა სამი დღე-ღამით პატიმრობა. ზოგიერთის ადგილმდებარეობა უცნობია.

ალექსეი ნავალნის მომხრეებს 23 იანვარს განზრახული აქვთ საპროტესტო აქციების მოწყობა მთელი რუსეთის მასშტაბით.

მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქამია, რომ „უმალვე აღკვეთენ არასანქცირებული საჯარო თავყრილობის გამართვის მცდელობას და ნებისმიერი სახის პროვოკაციას აქციის მონაწილეების მხრიდან“.

კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა სამხედრო დანიშნულების შხამ „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

მაგრამ დაბრუნებისთანავე პოლიციამ ნავალნი აეროპორტშივე დააკავა. ხოლო მეორე დღეს, 18 იანვარს სასამართლომ 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელაღსრულების დაწესებულების სარჩელის საფუძველზე.

ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

„არ შეგეშინდეთ, გადით ქუჩებში. ჩემთვის არ გახვიდეთ - გადით თქვენი თავისთვის და თქვენი მომავლისთვის“, - განაცხადა ნავალნიმ 18 იანვარს იუტუბით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG