Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში პუტინის მხარდაჭერის, 23 იანვრისთვის დაგეგმილი დემონსტრაცია გადაიდო  


სოხუმში 23 იანვრისთვის დაგეგმილი დემონსტრაცია, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის უნდა გამოეცხადებინათ მხარდაჭერა, გადაიდო „ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზებამდე“, იტყობინება ქალაქის ადმინისტრაცია.

პრესამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს 22 იანვარს თათბირზე, რომელსაც სოხუმის დე ფაქტო მმართველობის ხელმძღვანელი, ბესლან ეშბა, ღონისძიებათა და რეკლამის ორგანიზების განყოფილების უფროსი, დაურ ლოგუა და მათთან ერთად საზოგადოებრივი გაერთიანეა, „რუსული თემის“ უფროსი რომან რიაზანცევი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრი, საზოგადოებრივი გაერთიანება „აფხაზეთში შავი ზღვის კაზაკთა ჯარის“ "ატამანი“ ვადიმ მირონენკო ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია, რომ „რესპუბლიკის მოქალაქეა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტის, ვ. ვ. პუტინის მხარდაჭერის აქცია გადაიდოს ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზებამდე“.

21 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აქციის ორგანიზატორები შეშფოთებული იყვნენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებების გამო, გამართულიყო არასანქცირებული დემონსტრაციები რუსეთში 23 იანვარს. აქცია იგეგმებოდა სოხუმში რუსეთის წარმომადგენლობის შენობასთან.

23 იანვრისთვის ნავალნის მოწოდებით რუსეთის ქალაქებში იგეგმება საპროტესტო გამოსვლები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ჩაშალოს აქციები და არაერთი აქტივისტი დააკავეს.

თვითონ ნავლნი დააკავეს ბერლინიდან ჩამოსვლისთანავე და 30 დღიანი პატიმრობა გამოუცხადეს. გერმანიაში ის სამკურნალოდ იყო აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.

სასამართლომ, რომელიც სახელდახელოდ შეიკრიბა მოსკოვის გარეუბნის პოლიციის უბანში, ბრალად დებს ნავალნის პირობითი პატიმრობის წესის დარღვევას ადრინდელ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ფართოდაა აღიარებული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. ნავალნის სამნახევარი წლით პატიმრობა ემუქრება საქმეში, რომელსაც თვითონ შეთითხნილად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG