Accessibility links

logo-print logo-print

„არ გამოვრიცხავ, ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში" - გაბუნიას საქმის განხილვა გაიმართა


გიორგი გაბუნია

„მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურორმა მაია სილაგაძემ პროცესის შემდეგ თქვა, რომ გიორგი გაბუნიამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მას მიადგა ბრალდებულის უკანონო თვალთვალის და მისი პირადი ინფორმაციის მოპოვების შედეგად. როგორც ბრალმდებელი აღნიშნავს, „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და დაცვის წევრებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარისთვის.

სასამართლოზე იმყოფებოდა ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი. „ვერ ვიტყვი, ის ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ ვიზუალურად რომ შეხედავთ, ჰგავს - თავისუფლად შეიძლება იყოს ის თვითონ „ქილერი", რომელსაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამას მხოლოდ ვიზუალიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაცია, რომელიც სუს-მა მომაწოდა, როდესაც დაზარალებულად მცნეს, რომ მას აქვს შესაბამისი ფიზიკური მომზადება გავლილი, ასევე კრიმინალური წარსული აქვს და ის იძებნება კიდეც სხვა ქვეყნებში მკვლელობებთან დაკავშირებით. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, დღეს, მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში. როდესაც პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრულდა“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.

ნიკა გვარამია მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ინფორმაციის შესახებ. „რაც ზუსტად ვიცით და არის ახალი ინფორმაცია, სუს-ს აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ყველაფერი არის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იცის რა ქნას. ზუსტად იციან მათ, რომ კადიროვი არის პირველადი დამკვეთი, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მტკიცებულება და ჩვენებები აქვთ, რომ კადიროვის დამკვეთი არის პუტინი, უბრალოდ ვერ ამბობენ".

ვასამბეკ ბოკოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესზე.
ვასამბეკ ბოკოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესზე.

თავად ბრალდებული ბოკოვი ბრალს არ აღიარებს. „ნამდვილად არ დასტურდება ვასამბეკ ბოკოვის მხრიდან წაყენებული ბრალდება, ჩასატარებელია ალბათ 2-3 პროცესი კიდევ, სადაც დაცვის მხარე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარვადგენთ პოზიციას, რომელიც ვასამბეკ ბოკოვის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს", - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე შოშიკელაშვილი.

სუს-ის ინფორმაციით, პირი, რომელიც ვასამბეკ ბოკოვის სახელით დააკავეს, რეალურად, რუსეთის მოქალაქე მაგომედ გუციევია. ის 2020 წლის 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG