Accessibility links

logo-print logo-print

თბილისში გაიმართა ნავალნის მხარდამჭერთა და რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აქცია


„თავისუფლება ნავალნის“, „საქართველოს დეოკუპაცია, უკრაინის დეოკუპაცია, ძალა ერთობაშია“, „არა ჯიბის სასამართლოებს“, „ეშინია საკუთარი ხალხის“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გაიმართა საპროტესტო აქცია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან, სადაც ახლა შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კრემლის მწვავე კრიტიკოსის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებასა და ყველა იმ აგრესიულ, ძალადობრივ მექანიზმს, რითაც პუტინის რუსეთი ხელმძღვანელობს.

აქციის ორგანიზატორია „თავისუფალი რუსეთის ფონდი“. „გამოვდივართ თავისუფლებისთვის! პუტინისგან თავისუფლებისთვის. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. პროპაგანდისგან თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება. ოკუპაციისგან და ომებისგან თავისუფლება. კორუფციისგან თავისუფლება. ერთად გამოვდივართ თავისუფლებისთვის!“ - ამ სიტყვებით იწვევდნენ ორგანიზატორები ხალხს აქციაზე. თბილისის მსგავსი აქცია ასევე დაიგეგმა ბათუმში.

23 იანვარს, რუსეთის მრავალ ქალაქში იმართება ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები, რომელზეც ხალხი პუტინის ძალადობრივ რეჟიმს აპროტესტებს. რუსეთის მედია იტყობინება, რომ პოლიციამ დააკავა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა სამხედრო დანიშნულების შხამ „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

მაგრამ დაბრუნებისთანავე პოლიციამ ნავალნი აეროპორტშივე დააკავა. ხოლო მეორე დღეს, 18 იანვარს სასამართლომ 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელაღსრულების დაწესებულების სარჩელის საფუძველზე.

ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG