Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ახალდანიშნული პრეზიდენტი


ტედ ლიპიენი
ტედ ლიპიენი

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელმა 22 იანვარს, გვიან საღამოს, თანამდებობიდან გაათავისუფლა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ახლადდანიშნული პრეზიდენტი და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული კიდევ ორი საერთაშორისო მაუწყებლის დირექტორები.

ვითარებაში გარკვეული ოფიციალური პირების თქმით, USAGM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კელუ ჩაომ მოხსნა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ტედ ლიპიენი და რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის დირექტორები - ერთი თვის შემდეგ, რაც მათ ეს თანამდებობები დაიკავეს.

ამ ცვლილებებამდე ერთი დღით ადრე ჩაომ გაათავისუფლა ამერიკის ხმის დირექტორი და მისი მოადგილე, კუბის მაუწყებლობის ოფისის ხელმძღვანელი კი გადადგა.

ამერიკის ხმა და კუბის მაუწყებელი აშშ-ის მთავრობას ეკუთვნიან. რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი აზია და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი კერძო არაკომერციული ორგანიზაციებია, რომლებიც აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდება აშშ-ის კონგრესის გზით.

ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა გათავისუფლებამდე თანამდებობიდან წავიდა USAGM-ის ხელმძღვანელი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული მაიკლ პეკი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ აიძულა, გადამდგარიყო 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ორი საათის შემდეგ.

მაიკლ პეკი მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან იმ პოლიტიკის გამო, რომლის გატარებასაც შეუდგა იგი USAGM-ის ხელმძღვანელის პოსტზე დამტკიცების შემდეგ გასული წლის ივნისში. პეკს აკრიტიკებდნენ USAGM-ის დაქვემდებარებაში მყოფი მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობისთვის. ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც 21 და 22 იანვარს გაათავისუფლა USAGM-ის ახალმა დროებითმა ხელმძღვანელმა, დეკემბერში იყვნენ დანიშნული პეკის მიერ.

USAGM-მთან დაახლოებულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ კელუ ჩაომ 22 იანვარს გვიან საღამოს გაუგზავნა დათხოვის შესახებ წერილი ტედ ლიპიენს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის დირექტორს, ვიქტორია კოუტსს და რადიო თავისუფალი აზიის ხელმძღვანელს, სტივენ იეიტსს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი ამ გათავისუფლებული ხელმძღვანელებიდან რომელიმე თუ აპირებს თანამდებობიდან დათხოვის გასაჩივრებას ან ვინ შეცვლის მათ ამ პოზიციებზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ USAGM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ამერიკის ხმის ვეტერანი ჟურნალისტი კელუ ჩაო 20 იანვარს დანიშნა, მაიკლ პაკის გადადგომიდან ცოტა ხნის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG