Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ბათუმში მომხდარზე: „არ იყო სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ“...


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელ ფეისბუკში ბათუმში, აქციაზე მომხდარ ამბავს ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

„არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ „ხელისუფლებამ“ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა - ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ „ხელისუფლებას“ გვერდით მიუჯდა. ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ“, - წერს ნიკა მელია.

23 იანვარს, ბათუმის ბულვარის დაცვის მიზნით ორგანიზებულ აქციაზე მისული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, უარი არ თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო მანდატზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უკან მიყვებოდნენ შეძახილებით მონა, წადი... მონა...“ შემდეგ კი, ევროპის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ურნიდან ნაგავი დააყარეს თავზე.

როგორც ირაკლი ჩავლეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ფაქტის გამო პოლიციაში ჩივილს არ აპირებს.

მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი და ფაქტს „ამაზრზენი“ და "სამარცხვინო" საქციელი უწოდა.

2018 წელს მსგავსი ინციდენტი მოხდა გორში, სადაც აქტივისტს გორის მერიის თანამშრომელმა დაამხო თავზე ნაგვის ურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG