Accessibility links

logo-print logo-print

მშობლები ვითხოვთ გეგმას - „მზიურში“ მშობლების აქცია გაიმართება


24 იანვარს „მზიურის“ პარკში შეკრებას გეგმავენ მშობლები, რომლებიც საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ მკაფიო გეგმას სკოლებისა და ბაღების გახსნასთნ დაკავშირებით.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უკვე მესამე სასწავლო სემესტრია საქართველოში დახურულია საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებები.

მთელი ამ ხნის მანძილზე, სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, თუმცა ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტის უქონლობის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას.

აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.

„მშობლებს გააზრებული გვაქვს პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა, ვეყრდნობით რა UNICEF-სა და სპეციალისტების დასკვნებს, მიუღებლად მიგვაჩნია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა“.

მათივე განცხადებით, 2020 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ანტიკრიზისული გეგმა განათლების სექტორის გახსნას ყველაზე ბოლო ეტაპზე ითვალისწინებდა. ახლა კი, მშობლებისთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა.

„მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG