Accessibility links

logo-print logo-print

გრიგოლ გეგელია ამირან გამყრელიძეს: „დავგუგლე და ვნახე - ზამთრის კურორტებზე თქვენი სიტყვები მცდარია“


პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის თანახმად, „ევროპის არც ერთ სათხილამურო კურორტზე არ ყოფილა გახსნილი საბაგირო გზები, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი“.

გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ მან გაითვალისწინა ამირან გამყრელიძის რჩევა, „დაგუგლა“ და ნახა, რომ საბაგიროები ფუნქციონირებს ევროპის მთელ რიგ სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის - შვეიცარიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, სლოვენიასა და ბულგარეთში.

„ამის კონკრეტული მაგალითებია ვერბიე, მორგინსი, პორტ დუ სოლელის შვეიცარული ნაწილი, ავსტრიის სათხილამურო კურორტები, პირენეები ესპანეთში, ბანსკო და ბოროვეცი ბულგარეთში, კურორტები სლოვენიის ცხრა რეგიონში“, - აცხადებს გეგელია.

მისი სიტყვებით, ეპიდემიით გამოწვეულმა სატრანსპორტო და სხვა ტიპის შეზღუდვებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ევროპის სათხილამურო ბაზარს. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ არაერთმა სახელმწიფომ შეძლო ეფექტიანად ემოქმედა, ისე, რომ არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა დამდგარიყო მოჭარბებული რისკის ქვეშ და არც ათასობით ადამიანი დარჩენილიყო ულუკმაპუროდ.

„რას ვხედავთ ამ დროს საქართველოში? ჩაძირულ ეკონომიკას, რომელსაც 3 მეტრი თოვლი ადევს ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებივით. ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია კრიზისის მართვის არავითარი უნარი და ამიტომ მისი ერთადერთი პოლიტიკა ყველაფრის აკრძალვა და შეზღუდვაა, რასაც ასობით ათასი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა. სწორედ ამ მავნებლობის შედეგად, საქართველოში უკვე 162,000-ზე მეტი დაქირავებით დასაქმებული ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. რაც უარესია, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება, რადგან მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, რამაც ათასობით ბიზნესის გაკოტრება და დახურვა გამოიწვია“.

გრიგოლ გეგელია მოუწოდებს მთავრობას, ეფექტიანად გამოიყენონ ზამთრის სეზონის ჯერ კიდევ დარჩენილი დრო ათასობით ადამიანის და ბიზნესის გადასარჩენად.

ორი დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში, არ არის გახსნილი საბაგირო გზები. „ერთადერთი, გახსნილია მხოლოდ ავსტრიაში ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის და, ამავე დროს, იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, რადგან ადგილი არ ჰქონდეს შეკრებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG