Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოვიდა 23 იანვარს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მოქმედებების გამო რუსეთის მრავალ ქალაქში.

აშშ მკაცრად გმობს საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკ მოპყრობას. განცხადების თანახმად, ადრე რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, ჩაეხშო მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან თავშეყრასა და აზრის თავისუფლად გამოხატვაზე და წინასწარ აპატიმრებდა აქციების პოტენციურ მონაწილეებს.

ახლა კი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და საპროტესტო აქციების ჩახშობას ვაშინგტონი განიხილავს როგორც „სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვის „შემდგომ ნიშნებს“.

რუსეთის მოქალაქეთა უფლება მშვიდობიან შეკრებასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობაზე არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული, არამედ რუსეთის ვალდებულებებით ეუთოს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიმართ, და მისი ვალდებულებებით, რომლებიც ნაკისრი აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უფლებების განხორციელებისთვის და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი“, აღნიშნულია განცხადებაში.

ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებს, სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებათა გამოსაძიებლად და ახსნას - ისე, რომ ეს ნდობას იმსახურებდეს - რუსეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება.

„აშშ ადამიანის უფლებების დაცვაში თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად მომავალშიც იბრძოლებს ადამიანის უფლებებისთვის, სადაც უნდა ექმნებოდეს მათ საფრთხე - რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში“, ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG