Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: ადამიანები გრძნობენ, როდის არის შეზღუდვა აუცილებელი და როდის იყენებს ხელისუფლება ბერკეტებს ბოროტად


„ყველაზე მეტად მაბრაზებს ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, როცა ყველანაირი დასაბუთების და ახსნა-განმარტების გარეშე დაგიწესებს - შენ დაიძინე ცხრა საათზე! შენ არ ჭამო საჭმელი, მე ეს არ მაინტერესებს! ტრანსპორტი არ იქნება და მორჩა. ბევრი შეიძლება ვიკამათოთ, როგორ მოვერიოთ პანდემიას, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ, ტოტალურ შეზღუდვებს ვგულისხმობ, თან პრობლემების გადაჭრის გარეშე, მოქალაქეების შეურაცხყოფაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის კანცელარიის წინ, შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება არ იმჩნევს იმ ადამიანებს, ვინც პანდემიის პერიოდში შემოსავალი სრულად დაკარგეს და ულუკმაპუროდ დარჩნენ.

„გამოსავალი არის არა ბრმად შეზღუდვა, არამედ ოპტიმალური მართვა. ამას სჭირდება ვაქცინაცია, ტესტებით მართვა და სხვა არაერთი ზომის მიღება იმისათვის, რომ ადამიანი უბრალოდ შიმშილით არ მოკვდეს. არჩევნების წინ ხომ არ აწყობდათ გადადება და ამბობდნენ, რომ ათასობით დაინფიცირებული ადამიანი პრობლემა არ იყო? ახლა კი გვეუბნებიან, რომ კიდევ თვე-ნახევრით ვიქნებით ჩაკეტილები. არ შეიძლება, ასე ფარასავით მართო ხალხი. ადამიანები ყოველთვის გრძნობენ, როდის არის შეზღუდვა აუცილებელი და როდის იყენებს ხელისუფლება ბოროტად ბერკეტებს“, - უთხრა ელენე ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.

24 იანვარს მთავრობის კანცელარიის წინ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით: „გახსენით ქვეყანა“.

აქციაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ბიზნესასოციაციების, სამთო სპორტის, ხელოვნების და სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათი მთავარი მოთხოვნებია: შემსუბუქდეს კომენდანტის საათი, გაიხსნას სკოლები და საბავშვო ბაღები, მთის კურორტები, თეატრები, ამუშავდეს ტრანსპორტი.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სამშაბათს, 26 იანვარს დააანონსეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG