Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლები მოითხოვენ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდეს რადიო თავისუფლების შეზღუდვისთვის


რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების შტაბბინა პრაღაში.
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების შტაბბინა პრაღაში.

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები მოითხოვენ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდეს, თუკი კრემლი განახორციელებს მკაცრ შეზღუდვებსა და სადამსჯელო ჯარიმებს, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთში რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების საქმიანობას.

22 იანვრით დათარიღებული წერილი ასევე შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავრობისადმი, მეტი გააკეთოს რთე/რთ-ის მუშაობისთვის ბელარუსში, სადაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიციური ჯგუფებისა და მრავალი დასავლური ქვეყნის თანახმად, არჩევნები გაყალბებული იყო და ისინი ლუკაშენკას არ აღიარებენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“ ამ თვეში გამოაცხადა, რომ რთე/რთ-ს ასიათასობით დოლარით აჯარიმებს და მას ბრალად სდებს, რომ მაუწყებელი არ ემორჩილება ახალ აკრძალვებს, რომლებიც რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონითაა გათვალისწინებული. სხვათა შორის, კანონის თანახმად, მედიაორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, საკუთარ პროდუქციას უნდა დაურთონ შენიშვნა, რომ მასალა მომზადებულია „უცხოეთის აგენტის“ მიერ.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება, რომელიც დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა, მაგრამ დაფინანსებას აშშ-ის კონგრესისგან იღებს, არ დამორჩილებია ამ წესებს და მზარდმა ჯარიმებმა შესაძლოა კომპანია აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთში ყოფნა. რუსეთის მარეგულირებლებმა ქვეყანაში მოქმედ სხვა უცხოურ მედიაორგანიზაციათა შორის გამოყვეს რთე/რთ, რომლის სარედაქციო დამოუკიდებლობა აშშ-ის კანონმდებლობითაა გარანტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG