Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი ვაშაძე: მე დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო, გაუაზრებელ შეზღუდვას


„ქვეყანაში არსებობს უამრავი უაზრო შეზღუდვა, ამ შეზღუდვებიდან ერთ-ერთს ვარღვევ დღეს. ხელში მიჭირავს ტესტის პასუხები, რის მიხედვითაც ვარ ჯანმრთელი, თუმცა ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილების გამო მიწევს გამოკეტვა“, - განაცხადა 24 იანვარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე, სადაც მან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვაა დაწესებული და ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვის გამო, ის, წესით, სახლში უნდა იჯდეს:

„ვიყავი ამერიკაში, სადაც „პისიარ“ ტესტი წარვადგინე და იქ გადაადგილების პრობლემა არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და გამომიწერეს 12-დღიანი კარანტინი, მიუხედავად იმისა, რომ დავრეკე ცხელ ხაზზე, ვუთხარი, რომ ტესტი გავიკეთე, ჯანმრთელი ვარ, მეორედაც ვუთხარი, რომ კიდევ გავიკეთებ, შვიდჯერ გავიკეთებ, ოღონდ გამომიშვით გარეთ. ამბობენ – არა, უნდა იყო სახლში ჩაკეტილი... მე დემონსტრაციულად ვარღვევ აი, ამ უაზრო, გაუაზრებელ შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის სიტყვებით, ტოტალურად ყველაფრის გახსნას ქვეყანაში არავინ ითხოვს, „ყველაფერი უნდა იყოს თანაზომადი იმ რისკის, რაც ქვეყანაში არის“.

„არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები დატოვო უმუშევარი, მშიერი, და თვითკმაყოფილი იჯდე სკამში, ამბობდე – ეს არის ჩემი საუკეთესო ქმედება. ამიტომ დემონსტრაციულად ვარღვევ იმ ერთ-ერთ უწესო წესს, რომელიც მათ დააწესეს, რომლის პრეცედენტიც ძალიან ცოტა არის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

24 იანვარს გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ბიზნესასოციაციების, სამთო სპორტის, ხელოვნების და სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათი მთავარი მოთხოვნებია: შემსუბუქდეს კომენდანტის საათი, გაიხსნას სკოლები და საბავშვო ბაღები, მთის კურორტები, თეატრები, ამუშავდეს ტრანსპორტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG