Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიას სურს მოგზაურობის წესები გაამკაცროს კორონავირუსის გამო


პარიზის ერთ-ერთი აეროპორტი
პარიზის ერთ-ერთი აეროპორტი

ევროპის კომისია გამოვიდა 25 იანვარს რეკომენდაციით, უფრო მკაცრად მოხდეს მგზავრების კოვიდ-19-ზე შემოწმება, რის ფონზეც ბრიუსელში ცდილობენ გაარკვიონ, რა არის ვაქცინის მოწოდების შეფერხების მიზეზი, რაც მისი სტრატეგიის განხორციელებას უშლის ხელს.

ევროპის კავშირის აღმასრულებელი უწყება ამ ვითარებაში მოუწოდებს 27 წევრ ქვეყანას, ნორმად დააწესოს მოგზაურობის წინ PCR-ის ტესტირება ყველასთვის, რა მიზნითაც უნდა ჩადიოდეს ადამიანი ევროკავშირის ტერიტორიაზე და კარანტინი ასევე ყველასთვის, ვინც ჩადის რეგიონებიდან, სადაც კორონავირუსის უფრო გადამდები ვერსიაა გავრცელებული.

ევროკომისიის რეკომენდაციით, ტესტირების და კარანტინის მსგავსი გაძლიერებული რეჟიმი, უნდა დაწესდეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნითაც იმ ზონებს შორის, რომლებიც „მუქ წითლად“ არიან შეფასებული ევროპის პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის მიერ.

უკვე არსებული მწვანე, ნარინჯისფერი, წითელი და რუხი ფერის ზონებთან ერთად კომისია გამოდის წინადადებით, შეიქმნას „მუქი წითელი ზონა“, სადაც ვირუსი ვრცელდება ძალიან მაღალ დონეზე. ასე შეფასდება ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში 100 ათას მცხოვრებზე აღირიცხება 500 შემთხვევა.

„ევროპაში შექმნილმა ვითარებამ ვირუსის ახალი ვარიანტების გამო მიგვიყვანა ძნელ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებამდე. უნდა დაიცვათ უსაფრთხოება და მეორეხარისხოვანი მოგზაურობებისგან თავი შევიკავოთ“, დაწერა ტვიტერით ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაინენმა.

ევროკომისიის რეკომენდაციებით, რომელიც ეხება დაცვის დამატებით ზომებს, შეზღუდვები ასევე უნდა გავრცელდეს პირებზე, რომლებსაც არ აქვთ ევროპის კავშირის მოქალაქის პასპორტი. ამ პირებს, როცა ისინი ევროკავშირში შედიან ევროპის კავშირის გარედან, ევალებათ PCR-ის ტესტი გაკეთება მოგზაურობის დაწყებამდე 72 საათით ადრე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ევროკავშირში მცხოვრებთ და მათ ნათესავებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტესტირების გაიარონ ჩამოსვლის შემდეგაც. სავალდებულო ტესტირება შეიძლება შეთავსებულ იქნეს თვითიზოლაციასთან, კარანტინსა და კონტაქტების მეთვალყურეობასთან, ასევე დამატებით ტესტირებასთან, რომელიც უნდა ჩატარდეს 14 დღის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იმავე პირობებს უყენებს თავის მოქალაქეებს, როგორსაც არა წევრი.

როგორც სააგენტო AFP-ი იტყობინება, ევროკავშირში ვითარება გამძაფრდა მას მერე, რაც ბრიტანულ-შვედურმა ფარმაკოლოგიურმა ფირმამ, AstraZeneca-მ გამოაცხადა, რომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ევროკავშირისთვის კოვიდ-19-ის საწიააღმდეგო ვაქცინის მიწოდების შესახებ. ეს მოხდა ერთ კვირაში მას მერე, რაც Pfizer-მა განაცხადა, რომ გადაიდება მისი ვაქცინის მოწოდებაც.

ეს განცხადებები აფერხებს ევროკავშირის გეგმებს, რომ, როგორც ადრე ფონ დერ ლაინენმა განაცხადა, აგვისტოს ბოლოსთვის ევროკავშირის მოზარდი მოსახლების 70 პროცენტი აცრილი უნდა ყოფილიყო.

ევროკავშირი ფარმაკოლოგიურ ფირმებისგან მოითხოვს პასუხს და ახსნა-განმარტებას. ევროკომისია განაცხადა, რომ ის მოელის მწარმოებელი ფირმების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ევროკომისარმა სამართლებრივ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იტოვებენ პასუხიმგებლობას ჯანდაცვის და მათ ტერიტორიაზე გადაადგილების საქმეში. მისი სიტყვებით, ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენა, რომლებიც ვრცელდება დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ბრაზილიიდან, ნიშნავს, რომ „არის მწვავე აუცილებლობა იმისა, რომ შემცირდეს ინფექციის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საფრთხე, რათა შემცირდეს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG