Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაიმა ანდრიკიენე 31 ოქტომბრის არჩევნებზე: საზოგადოებაში ნდობა არ არის, საქართველო საფრთხეშია


"საზოგადოებაში ამ არჩევნებისადმი ნდობა არ არის. საქართველო საფრთხეშია, რადგან პოლიტკური სპექტრისა და საზოგადოების პოლარიზაცია იზრდება. წინსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენაა. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს იმ მოხსენებაში, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ" - თქვა ლიეტუველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დღის წესრიგში შეტანილი იყო საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავდა PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში რომელიც სწორედ მისიის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა წარადგინა. ლიეტუველი დეპუტატი არ ეთანხმება ამ ანგარიშის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო.

ლაიმა ანდრიკიენე საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და როგორც დღეს თქვა სიტყვით გამოსვლისას, თამამად შეუძლია შეადაროს ერთმანეთს საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ამ ორიდან უკანასკნელი მკვეთრად პრობლემური იყო.

"ნება მომეცით პირდაპირ განგიცხადოთ, მე ვერ დავეთანხმები ამ არჩევნების თქვენს პოზიტიურ შეფასებას" - მიმართა მან ტინი კოქსს, ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს.

"იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ჩატარებული არჩევნებიდან ყველაზე უარესი იყო და საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

არჩევნების სავარაუდო შედეგი კოალიციური მთავრობა იყო, რაც საქართველოს ისტორიაში პრიველად მოხდებოდა. მაგრამ არჩევნების ღამეს რაღაც ძალიან ცუდად წავიდა. [საარჩევნო ყუთებში] ბიულეტენების ჩატენვა, ამომრჩევლებზე კრიმინალური ელემენტების დახმარებით განხორციელებული ორგანიზებული ზეწოლა, საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია და ბოლოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სააღცევნო ოქმების გადაწერა - აეთი იყო ის ინსტრუმენტები, რომლებიც მთავრობამ სათავისოდ გამოიყენა.

როგორც ვიცით ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს და ახალ პარლამენტში ადგილების დაკავებაზე უარი განაცხადეს. მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა ჩიხშია შესული: მთავრობა უარს ამბობს ოპოზიციის რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ოპოზიციამ მანდატებზე უარი განაცხადა და უახლოესი ათი დღის განმავლობაში პარლამენტი კენჭისყრაზე გაიტანს ამ საკითხს, დიდი ალბათობით საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება" - თქვა ლაიმა ანდრიკიენემ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს მასში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია. მათ საერთო ჯამში მიიღეს 150-დან 60 მანდატი. ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატების უმრავლესობამ მანდატზე უარი თქვა.

ამ დრომდე, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციიდან საქმიანობს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის ოთხი წევრი, რომლებმაც პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები" შექმნეს.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა. მან ამ სხდომაზე თქვა, რომ საქართვლოს ხელისუფლება მზადაა გამოასწოროს კოქსის მისიის გამოვლენილი ნაკლები, მათ შორის საარჩევნო დაფინანსების საკითხი.

“ჩვენ დიდად ვაფასებთ ბატონი კოქსის ანგარიშს და ვადასტურებთ მზადყოფნას, რათა ადეკვატურად მოვახდინოთ რეაგირება იმ ხარვეზებზე, რომელიც მისიის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. მათ შორის, ყურადღება იქნა გამახვილებული საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საერთაშორისო მონიტორების ინტერესის საგანია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით მათგან კონკრეტული რეკომენდაციების მიღებას" - თქვა კახა კუჭავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG