Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად სენატს გადაეცა


კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის 13 იანვარს გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტს ხელი მოაწერა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სენატს წარუდგინა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისთვის გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი, რომლის თანახმად, ტრამპი დადანაშაულებულია ამბოხებისკენ წაქეზებაში.

კონგრესის ქვედა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს, მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მიტინგის ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობებისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.

დონალდ ტრამპი გამოდის მხარდამჭერთა მიტინგზე. 2021 წლის 6 იანვარი
დონალდ ტრამპი გამოდის მხარდამჭერთა მიტინგზე. 2021 წლის 6 იანვარი

იმპიჩმენტის საბოლოოდ გამოცხადებას აშშ-ის სენატის თანხმობა სჭირდება. კონგრესის ზედა პალატაში საქმის განხილვა 8 თებერვლიდან დაიწყება. დონალდ ტრამპის დამნაშავედ გამოცხადებისთვის აუცილებელია სულ მცირე 67 სენატორის თანხმობა. 100-წევრიან სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელია. იმპიჩმენტს სჭირდება ყველა დემოკრატის და მინიმუმ 17 რესპუბლიკელის ხმა, რაშიც ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ამოეწურა. თუ სენატი უკვე ყოფილ პრეზიდენტს დამნაშავედ ცნობს, ტრამპი ვეღარ ისარგებლებს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით და მომავალ არჩევნებში კენჭისყრის უფლებით.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელისშეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან და წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG