Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის ქალაქებში ისევ არეულობაში გადაიზარდა "ლოკდაუნის" მოწინააღმდეგეთა აქციები


ნიდერლანდის ქალაქებში გრძელდება საპროტესტო აქციები კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების და „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ.

ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. ორშაბათს, დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს ქვები დაუშინა და მაღაზიები და ავტობუსის გაჩერებები დაარბია. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 150-ზე მეტი პირი.

პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მასობრივი არეულობები დაგმო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები ძალადობაა და არა თავისუფლებისთვის ბრძოლა.

ნიდერლანდის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატა ე.წ. კომენდანტის საათი 21:00-დან 04:30 საათამდე. მისი დარღვევისთვის ჯარიმა 95 ევროა.

ნიდერლანდის სამეფოში გასული წლის შემოდგომასა და ზამთარში დაკეტეს რესტორნები, ბარები, არასასურსათო მაღაზიები და სკოლები. ამ შეზღუდვებს 22 იანვრიდან დაემატა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოცხადებული „კომენდანტის საათი“.

ნიდერლანდი, რომლის მოსახლეობა 17 მილიონზე მეტია, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. ქვეყანაში უკვე დაავადდა 950 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 13 570-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG