Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირი AstraZeneca-ზე ზეწოლას ახორციელებს COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებაში შეფერხების გამო


ევროკავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ COVID-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილზე.

ამის შესახებ 26 იანვარს განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ამ ნაბიჯს მხოლოდ „კოორდინირებული ზომის“ სახით განახორციელებენ.

კავშირის წევრ ყოველ ცალკეულ ქვეყანას საკუთარი კონტრაქტი აქვს AstraZeneca-სთან.

კომპანიამ, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნა ვაქცინა, პარასკევს ევროკავშირს განუცხადა, რომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ვაქცინის შეთანხმებული რაოდენობის დოზების მიწოდებაზე მარტის ბოლომდე.

ჯანდაცვის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა სტელა კირიაკიდისმა ორშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე არის მწვავე კრიტიკის ობიექტი, ვინაიდან მის 27 წევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილზე ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს. მისი თქმით, ევროკავშირი „ყოველ საჭირო ზომას მიმართავს საკუთარი მოქალაქეებისა და მათი უფლებების დასაცავად“.

ამჟამად ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესი ბევრად ჩამორჩება ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარე კამპანიებს.

ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება, AstraZeneca-სგან 300 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინოს დამატებითი 100 მილიონის შეკვეთის შესაძლებლობით.

AstraZeneca-ს თქმით, ის გეგმავს პირველი პარტიის შემცირებას 80 მილიონიდან 31 მილიონამდე.

ევროკავშირში AstraZeneca-ს ვაქცინის დამტკიცებას მოუთმენლად ელიან. ამ საკითხს პარასკევს განიხილავს ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA). დღეისთვის ეს ვაქცინა უკვე გამოიყენება დიდ ბრიტანეთში და საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებლად დამტკიცებულია ათეულობით ქვეყანაში.

ამ დღეებში AstraZeneca კრიტიკის საგანი გახდა სხვა საკითხთან დაკავშირებითაც. გერმანიის პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა 10%-ზე დაბალ ეფექტიანობას ავლენს ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში.

AstraZeneca უარყოფს ამ ცნობას და „სრულიად არასწორს“ უწოდებს მას.

AstraZeneca-ს მიერ პროდუქციის მოცულობის შემცირება სერიოზული ზეწოლის ქვეშ აქცევს ევროკავშირს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირში დამტკიცებული პირველი ვაქცინის მწარმოებელმა Pfizer-BioNTech-მა გასულ კვირაში ვერ შეასრულა პირობა ვაქცინის მიწოდების თაობაზე. Pfizer-მა დროებით შეანელა ევროკავშირსა და კანადაში ვაქცინის მიწოდება, რაც დაკავშირებულია ბელგიაში მისი საწარმოს სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან პროდუქციის გაზრდის მიზნით. იტალია დაიმუქრა, რომ Pfizer-ს სასამართლოში უჩივლებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG