Accessibility links

logo-print logo-print

ნიკოლაი პატრუშევი დასავლეთს ადანაშაულებს ალექსეი ნავალნის მეშვეობით რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში


ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე და მკაცრი კურსის მიმდევარი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი დასავლეთს ადანაშაულებს ალექსეი ნავალნის მეშვეობით რუსეთის „დესტაბილიზების" მცდელობაში.

„დასავლეთს უნდა გამოიყენოს ეს ფიგურა რუსეთში სოციალური მღელვარების, გაფიცვების, ვითარების დესტაბილიზებისა და ახალი მაიდნების მოსაწყობად“, - განაცხადა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში პატრუშევმა. რუს მაღალჩინოსანს მხედველობაში ჰქონდა 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში უკრაინაში დაწყებული პროევროპული საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მოჰყვა.

საპატიმროში მყოფ 44 წლის ალექსეი ნავალნის პატრუშევი მიიჩნევს კანონის წინაშე დამნაშავედ, რომელიც პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„ამ ფიგურამ არაერთხელ და უხეშად დაარღვია რუსეთის კანონმდებლობა, როდესაც ჩართული იყო დიდი ოდენობით თანხებთან დაკავშირებულ მაქინაციებში. ამიტომ, როგორც რუსეთის მოქალაქემ, მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი თავისი უკანონო საქმიანობის გამო“, - აცხადებს პატრუშევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ამ განცხადების ფონია ევროკავშირისა და აშშ-ის ზეწოლა რუსეთზე, რათა კრემლმა დაუყოვნებლად გაათავისუფლოს საპატიმროდან ცნობილი ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და შეწყვიტოს მისი და მისი მომხრეების დევნა.

გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს სამშობლოში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს და მეორე დღეს 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 23 იანვარს რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. სამართალდამცველებმა ბევრგან სასტიკი ძალის გამოყენებით დაშალეს აქციები და დააკავეს დაახლოებით 3500 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG