Accessibility links

logo-print logo-print

ანტისემიტიზმთან ბრძოლის გადაუდებელი აუცილებლობა - რან გიდორი


რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

ზუსტად ერთი წლის წინ, ისრაელმა უმასპინძლა სახელმწიფოთა მეთაურებს (საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით) და ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის დელეგაციებს, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ჩაიწერა. მიმდინარე წლის ხსოვნისა და პატივის მიგების დღე ნამდვილად ძალიან განსხვავებული იქნება გასულ წელს იად ვაშემში მოწვეული ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვილი ისტორიული მეხუთე მსოფლიო ფორუმისგან, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები ესწრებოდნენ და, რომელიც ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავს აღნიშნავდა.

იერუსალიმის საერთაშორისო დონის შეხვედრიდან ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო მთლიანად მოიცვა უპრეცედენტო გლობალური პანდემიის სირთულეებმა. ცხოვრება, ძირითადად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გრძელდება და, შესაბამისად, ყველა ის ღონისძიება, რომლებიც უკავშირდება ჰოლოკოსტის გახსენების საერთაშორისო დღეს, ვირტუალური ფორუმებით იცვლება. ამ წლის მთავარი თემა - „შედეგების პირისპირ: ჰოლოკოსტის შედეგების შემსუბუქება და ლიკვიდაცია“ - ყურადღებას გაამახვილებს იმ ზეგავლენის შემსუბუქებაზე, რაც მყისიერად განხორციელდა ცალკეული პირებისთვის, სოციუმებისა და სისტემებისთვის ჰოლოკოსტის დასრულებისთანავე.

იმ დროს, როცა საერთაშორისო კრიზისის დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც, დიდი ალბათობით, გახდება ოცდამეერთე საუკუნის განმსაზღვრელი მომენტი, ჰოლოკოსტის ისტორიულ დოკუმენტებთან მიბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია. უფრო მეტიც, სამყარო, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ეფლობა ყალბ ინფორმაციაში, სიძულვილის ენასა და ანტისემიტიზმში, ჰოლოკოსტის ისტორიის მოგონებას და მისთვის დროის დათმობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ელჩი რან გიდორი
ელჩი რან გიდორი

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამოცდათექვსმეტი წლის შემდეგ, ანტისემიტიზმი არა უბრალოდ გრძელდება, არამედ შემაშფოთებელი ტემპით იზრდება. იგი ვლინდება ძალადობრივ ინციდენტებსა და თავდასხმების ტალღებში, რაც ზიანს აყენებს და ანაწყენებს ებრაულ საზოგადოებას დიასპორებში. მსგავსმა მოვლენებმა მოიცვა ევროპა, აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. საქართველოშიც კი, რომელიც ორ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ტოლერანტობისა და თანაცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენდა, გავხდით შემაშფოთებელი ანტისემიტური განცხადებების მოწმენი, რაც, იმედს ვიტოვებთ, არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას.

ოსვენციმის გათავისუფლებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება წარმოადგენს სინათლის შუქს ანტისემიტიზმის წყვდიადთან ბრძოლაში. იგი თვალსაჩინოს ხდის იმ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც იჩენს მსოფლიო და მისი ლიდერები ანტისემიტიზმის, ქსენოფობიისა და რასიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში და სრულიად ნათლად აცხადებს, რომ ჩვენი სამყარო არ დაუშვებს ანტისემიტიზმს. ეს წარმოადგენს იმ უნივერსალური პრინციპების სიძლიერეს, რომლებზეც ჩამოყალიბდა საერთაშორისო საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებული ებრაელების გენოციდის შემდეგ.

როგორც ყოველთის, წელსაც ხსოვნის დღეს თან ახლავს გარდაუვალობის ემოციური განცდა. ყოველი მიმავალი წელი სულ უფრო და უფრო ამცირებს ჰოლოკოსტის საშინელი და ტრაგიკული მოვლენების თვითმხილველთა რიცხვს. საბოლოოდ, ჩვენ მხოლოდ მათ მიერ მიცემული ჩვენებების წერილობითი თუ აუდიო ჩანაწერები შემოგვრჩება, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ანტისემიტიზმთან ბრძოლის და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფა ახლა იმდენად აუცილებელია, როგორც არასდროს. კავკასიაშიც კი, რომელიც გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი ეთნიკურობით, რელიგიით და ენების მრავალფეროვნებით - რასიზმის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის სამწუხარო მზარდი ტემპი, რომელსაც თან ერთვის „სხვა პიროვნების“ მიუღებლობა - გვკარნახობს ჩვენს მოვალეობას, ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, სანამ გვიან არ არის!

სერგო (სერგეი) მეტრეველმა, რომელიც იყო 1940-იან წლებში კისლოვოდსკში, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველი მეღვინე, დაგვიტოვა ინდივიდუალური პასუხუსმგებლობის საოცრად აღმაფრთოვანებელი მაგალითი. როდესაც ნაცისტური არმიის ჯარისკაცებმა დაიწყეს ებრაელების დევნა, მეტრეველი დაეხმარა ექვსი ებრაელისგან შემდგარ ჯგუფს, დაეტოვებინა ქალაქი 1942 წლის აგვისტოში. ბატონი მეტრეველი, რომელმაც სახლში დატოვა ფეხმძიმე მეუღლე და სამი შვილი, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიუძღოდა ებრაელთა ჯგუფს კავკასიის მთებში და გადაიყვანა ისინი უსაფრთხო ადგილას, მის მშობლიურ სოფელში, საქართველოში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. ამ გმირული საქციელისთვის, ბატონ მეტრეველს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა „მსოფლიოს ხალხთა შორის სამართლიანი ადამიანის“ საპატიო წოდება ისრაელის ჰოლოკოსტის ხსოვნის ცენტრის, „იად ვაშემის“, მიერ.

ერთადერთი რამ, რაც ტკივილს იწვევს ჩვენში ის არის, რომ ადამიანებმა, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ოსვენციმში, არც კი იცოდნენ, რომ ერთ დღეს, 75 წლის შემდეგ, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებოდნენ ერთად, რომ პატივი მიეგოთ მათი ხსოვნისთვის არა მხოლოდ ებრაელი ერის აყვავებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში, არამედ იერუსალიმში, ებრაელი ხალხის მარადიულ დედაქალაქში. უფრო მეტიც, მათ არც ის იცოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ, მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო სირთულეებისა, მსოფლიო კვლავ გაერთიანდებოდა რათა პატივი მიეგო მათი ხსოვნისთვის. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ თუ როგორი მოწიწება და კრძალვა შესაძლოა განეცადათ მათ ასეთი სურათის წარმოდგენისას.

დაე, სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს!

ავტორი: რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG