Accessibility links

logo-print logo-print

კალაძე გამგებლის მოადგილის დაკავებაზე: იცით ჩემი დამოკიდებულება, კორუფციაზე მოვითხოვთ პასუხს


თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ გადაცდომებსა და კორუფციასთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება ცნობილია. ასე გამოეხმაურა მერი ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას.

"ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ", - თქვა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლავრენტი გოგსაძე 25 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, არაგვისპირელის ქ. #32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გოგსაძემ უფლებამოსილებას გადაამეტა.

"სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება", - ეწერა სუს-ის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით პირი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG