Accessibility links

logo-print logo-print

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღებისა და მიცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის თანამშრომელს და სთხოვა, დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში.

"იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოეხდინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა. აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გაიცა ყალბი ცნობა და 10 ათასი კვ/მ სახელმწიფო მიწა, რომლის ღირებულება 46,7 ათას ლარზე მეტია, უკანონოდ დარეგისტრირდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. კოდექსის 338-ე მუხლით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, 339-ე მუხლით კი საჯარო მოხელისთვის სარგებლის მიღების მიზნით ქრთამის მიცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG