Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Twitter-მა და Facebook-მა ჩაკეტეს "პუტინის მზარეულის", ევგენი პრიგოჟინის პირადი ანგარიშები


ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი (მარცხნივ). 2011 წლის ფოტო.
ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი (მარცხნივ). 2011 წლის ფოტო.

Twitter-მა და Facebook-მა ჩაკეტეს რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის პირადი ანგარიშები. ამის შესახებ კომპანია „კონკორდი“ იტყობინება.

Twitter-ი წერს, რომ ანგარიში დაიბლოკა სოცქსელების წესების დარღვევის გამო. Facebook-ი კი აღნიშნავს, რომ დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა. მიზეზები მას არ დაუსახელებია და თავისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესებით ახსნა.

„ეს იმის ნათელი მაგალითია, როგორ ბლოკავს სახელმწიფო დეპარტამენტი ნებისმიერ არასასურველ კომენტარს“, მოჰყავს პრესსამსახურს პრიგოჟინის სიტყვები.

ბიზნესმენი აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი თავისი როლისთვის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში.

მედია ევგენი პრიგოჟინს „პუტინის მზარეულს“ უწოდებს. მიიჩნევა, რომ სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ახლოს იცნობს რუსეთის პრეზიდენტს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ მისი ყველა მზარეული დაცვის ფედერალურ სამსახურში მუშაობს.

პრიგოჟინს უკავშირებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომელიც სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, და „ტროლების ფაბრიკას“, რომლის თანამშრომლები ინტერნეტში აქტიურად წერენ კრემლის მხარდამჭერ კომენტარებს. პრიგოჟინი უარყოფს ამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG