Accessibility links

logo-print logo-print

პოლიცია ნავალნის ბინის გასაჩხრეკად მივიდა


ალექსეი ნავალნი

პოლიცია მოსკოვში ნავალნის ბინის გასაჩხრეკად მივიდა. მას შემდეგ, რაც ნავალნის ძმამ, რომელიც ბინაში იმყოფებოდა, კარი არ გაუღო პოლიციელებს, მათ კარის შემტვრევა დაიწყეს. ამის შესახებ იტყობინება ნავალნის ორგანიზაციის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი.

თავად ოპოზიციონერი ერთი თვით არის დაკავებული. მას ბრალად ედება 2012 წელს მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული პირობითი სასჯელის საცდელი ვადის დარღვევა. ალექსეი ნავალნი ამ საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს და 3,5 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობის ბრალდებით.

როგორც გამოცემა „ბაზა“ იტყობინება წყაროების მიუთითებლად, ჩხრეკა შესაძლოა ტარდებოდეს სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ნავალნის თანამებრძოლების წინააღმდეგ არის აღძრული. ჟურნალისტების ინფორმაციით, საქმე აღძრულია 23 იანვარს პოლიტიკოსის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგებზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ბრალდებით. მანამდე ამ საქმის აღძვრის შესახებ იტყობინებოდნენ ტასი, რია „ნოვოსტი“ და სამართალდამცავი ორგანოები.

23 იანვარს ნავალნის მხარდასაჭერად რუსეთის 125 ქალაქში გამართულ აქციებში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 3500-მდე ადამიანი დააპატიმრეს. აქციები არ ყოფილა ხელისუფლებასთან შეთანხმებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG