Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუგვარებელ პრობლემად ასახელებს მაღალი დონის კორუფციას


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, ქვეყანაში ისევ მოუგვარებელია მაღალი დონის კორუფციის პრობლემა.

დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისმა გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“, რომელიც აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის სავარაუდო დონეს მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. შეფასებისთვის გამოყენებულია შკალა 0-დან(ძალიან კორუმპირებული) 100-მდე(ძალიან სუფთა). საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილზეა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, ის გარემოება, რომ საქართველოს აქვს საშუალო შედეგი, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუთითებს, რომ მართალია, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის, კერძოდ, წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქვეყნის მთავარ გამოწვევებად ასახელებს:

  • ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან;
  • არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია;
  • ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;
  • პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს;
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა. პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით;
  • მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე;
  • ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელისშეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას;
  • ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის, მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებითვე, მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გარეშე:

  • პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით;
  • საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა;
  • თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა;
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე;
  • ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG