Accessibility links

logo-print logo-print

[გათავისუფლების] მოლოდინი მაქვს, ადრეც მქონდა - ივერი მელაშვილის მეუღლე


თამარ სულაძე, ივერი მელაშვილის მეუღლე

"მოლოდინი მაქვს, მოლოდინი ადრეც მქონდა, უდანაშაულო ხალხი არიან, უდანაშაულო ადამიანები არიან და ახლა მით უმეტეს, ძალიან ბევრი მტკიცებულებებია მოპოვებული მათი უდანაშაულობის დამადასტურებლად ჩვენი ადვოკატების მხრიდან. ის რაც გაასაჯაროვა პროკურატურამ მტკიცებულების სახით, ვითომ დანაშაულების, მე ყველაფერს გადავხედე. არაფერი, დანაშაულებრივი არ ჩანს. ამიტომ, ვფიქრობ რომ არ აქვთ საფუძველი, დაკავებული ჰყავდეთ. მით უმეტეს, გამოძიება დამთავრებული აქვთ, სასამართლოსთვის გადაცემული და ის არგუმენტები, რაც ადრე ჰქონდა პროკურატურას, რომ შეიძლება მკიცებულებები გაანადგურონ, მოიხსნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება დღეს გაათავისუფლონ. ჩვენი ადვოკატები წარმოადგენენ შუამდგომლობებს, გირაო, თავდები, თუ რაც იქნება, რომ თავისუფლები იყვნენ. თუ არ გაამართლებენ, იმედი მაქვს, რომ წინასწარი დაკავებიდან მაინც გამოუშვებენ" - თქვა "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ ამ საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაცვის მხარემ გამოძიების პროცესი შეაჯამა და წინასასამართლო სხდომაზე დასაყენებელ შუამდგომლობებზე ილაპარაკა.

დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართავს, მათ შორის წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების გათავისუფლების და მტკიცებულებათა ნაწილის დაუსვებლად ცნობის შუამდგომლობებით. როგორც ადვოკატები განმარტავენ, თუკი ეს საქმე სასამართლოში მაინც გაგრძელდება, მას შემდეგ რაც პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ დასრულებულია, აღარ არსებობს საფრთხე, რის გამოც ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან - ისინი ვერ მოახდენენ მოწმეებზე ზემოქმედებას და ვერ გააყალბებენ მტკიცებულებებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელთა დაუშვებლად ცნობასაც ითხოვს გამოძიება, ესაა ექსპერტიზების ნაწილი, სადაც დაცვის მხარის თქმით, დაინტერესებული პირები იყვნენ მიწვეული ექსპერტებად მიწვეულები და ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც სექტემბერსა და ოქტომბრის თვეშია მოპოვებული და რომელიც დაცვის მხარეს მხოლოდ სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე გადაეცა. წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულების ადვოკატებს ამ მასალაზე წვდომა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ეზღუდებოდათ.

"ეს არ იყო შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა, როგორიც იყო პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა. ასეთი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შეზღუდვა ბრალდებულთან სათანადო შეხვედრის. ასევე სასამართლოს არაერთი უარი დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები და ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაჯანსაღი ჩართულობა ამ საქმეში, რამაც გააჭიანურა დაცვის მხარის ექსპერტიზის ჩატარების პროცესი" - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სასამართლო სხოდმა 28 იანვარს, დღის 2 საათზეა დანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG