Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელაშვილის და ილიჩოვას მოსალოდნელი გათავისუფლება საზოგადოების ბრძოლის პოლიტიკურ შედეგად შეფასდა


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

დღევანდელი წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, მელაშვილს და ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როცა საკითხს შეეძინება პოლიტიკური ფასი და პოლიტიკურ ფასს საკითხს შეძენს მოქალაქეების აქტიურობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ. მისი შეფასებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ანგარიში გაეწია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ციხეში უსამართლოდ გამომწყვდევით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტისთვის: "ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ მოქალაქემ ირწმუნოს საკუთარი ძალა“.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენა უწოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშავილმა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლება საზოგადოებრივი ბრძოლის მიღწევაა. ამასთან, სამადაშვილის თქმით, გირაოთი გათავისუფლება არ ცვლის იმ რეალობას, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არიან სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები და მათი თავისუფლება საფრთხის ქვეშ რჩება.

სალომე სამადაშვილის თანახმად, პოლიტიკური პატიმრების საკითხი გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშეც.

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით „ქართულ ოცნებასთან“ გასულ წელს გამართული მოლაპარაკების ოთხ რაუნდზე ერთ-ერთ მოთხოვნად დააყენეს ივერი მელაშვილის, ნატალია ილიჩოვას და გიორგი რურუას გათავისუფლება.

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 2020 წლის ოქტომბერი დააკავა. მათ ბრალად ედება „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართული ქმედება. გამოძიების თანახმად, ბრალდებულთა მონაწილეობით, საქართველოს საზიანოდ შეთანხმდა აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

დღეს, 28 იანვარს საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავენ ბრალდებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, რადგან მათი ბრალეულობა დადასტურებულია მტკიცებულებათა საკმაოდ მაღალი სტანდარტით, "მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება" და ამ ეტაპზე აღარ არსებობს პატიმრობის აუცილებლობა. პროკურორის თანახმად, ახლა გამოძიების აქცენტი გაკეთდება იმ პირების დადგენაზე, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG