Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავას თქმით, რესტორნების გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ განიხილება


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში რესტორნების ამუშავება მას შემდეგ იგეგმება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ტრანსპორტის ამუშავება უფრო პრიორიტეტულია, რადგან მეტ ადამიანს ეხება.

"რესტორნების მდგომარეობა მძიმეა ნამდვილად. ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ. ეს კვირა მთლიანად ბიზნებთან კომუნიკაციას მიეძღვნა. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, როგორც კი გვეძლევა საშუალება, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ჩვენ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემის წინა პერიოდს", - აღნიშნა თურნავამ.

მან ასევე თქვა, რომ სარესტორნო ბიზნესის პოზიცია არ არის პოლიტიკური და მომდინარეობს მათი რეალური პრობლემიდან. ახალი რეგულაციების მიხედვით, სავალდებულო გახდება ამ ბიზნესში დასაქმებული პირების ეტაპობრივი ტესტირება.

როგორც თურნავამ თქვა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და სწავლის სრულად საკლასო ოთახებში გადატანა 15 თებერვლიდან განიხილება.

ამ ეტაპის მონაცემებით, საქართველოში რესტორნების დიდი ნაწილი დახურულია. მათ, ძირითადად, მხოლოდ "მიტანის სერვისის" მიწოდება შეუძლიათ. ბოლო პერიოდში შემსუბუქებული ღონისძიებების ფარგლებში, აჭარაში დასაშვები გახდა ღია სივრცეში სტუმრების მიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG