Accessibility links

site logo site logo

ნავალნი რუსებს მოუწოდებს, არ შეუშინდნენ საპროტესტო აქციებზე გამოსვლას


ციხეში მყოფმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში რიგით მეორე საკვირაო აქციებზე, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება დაკავებულია ნავალნის თანამებრძოლების დაშინებითა და ანგარიშსწორებით.

28 იანვარს სასამართლომ არ დააკამყოფილა ნავალნის აპელაცია და იგი პატიმრობაში დატოვა 15 თებერვლამდე, როგორც ეს წინა სასამართლომ დაადგინა.

თავის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში, ალექსეი ნავალნი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, დაივიწყონ შიში და დაიწყონ ახალი საპროტესტო გამოსვლები. „გამოდი, ნურაფრის შეგეშინდება. არავის სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ტირანია და კორუფცია სუფევს. უმრავლესობა ჩვენ მხარეზეა“, - წერს მიმართვაში ალექსეი ნავალნი.

ალექსეი ნავალნი და მისი მომხრეები საერთო-ეროვნული აქციის გამართვას, კვირას, 31 იანვარს გეგმავენ. წინა კვირას ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, რომელსაც კრემლმა სასტიკი რეპრესიებით უპასუხა.

დემონსტრაციების დროს პოლიციამ 4000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა რუსეთში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო. მოწამვლაში ნავალნი რუსეთის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG