Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო მატარებელი გაუშვა რუსეთში


საარქივო ფოტო
საარქივო ფოტო

29 იანვარს ანკარიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით საექსპორტო სატვირთო მატარებელი გაემგზავრა რუსეთში. ამ ცნობას ავრცელებენ თურქეთის და აზერბაიჯანის მედიასაშუალებებო, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

სამინისტროს ცნობით, 15 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი რვა დღეში გაივლის 4650 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალს.

29 იანვარსვე დაიწყო ტვირთის ახალი ტიპის გაგზავნა თურქეთიდან ჩინეთში. მატარებელი გაუშვა შპს ADY Container-მა, რომელიც სააქციო საზოგადოება„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიაა.

„მატარებელი, რომელიც ანკარიდან ჩინეთის ქალაქ სიანში მიემგზავრება, არის ახალი ლოგისტიკური პროდუქტი, რომელსაც წარმოადგენს შპს ‘ADY Container’-ი, თურქეთში, საქართველოსა და ყაზახეთში თავის პარტნიორებთან ერთად“ - ვკითხულობთ ცნობაში.

ეს მატარებელი 42 კონტეინერისგან შედგება და ის 7792 კილომეტრის მანძილს გაივლის. მას გადააქვს არაორგანული ნივთიერებები, რომლებსაც მრეწველობაში იყენებენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აგებულ იქნა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. პროექტი მოიცავს 98 კილომეტრის სიგრძის, ყარსი-ახალქალაქის ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი გადის თურქეთზე, 30 - საქართველოზე. განხორციელდა ასევე ახალქალაქი-თბილისის მონაკვეთის რეკონსტრუქცია.

„რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ პროექტი, რომლის რეალიზაციისთვისაც საქართველომ 775 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტი აიღო, ჯერჯერობით ნულოვანი მომგებიანობის ზონაშია.

2019 წელს რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზის“ მიერთების შესაძლებლობაზე „ბაქო-თბილისი-ყარსთან“. საქართველოს ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ რკინიგზა აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის და თურქეთისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ პროექტს, რომელთან მიერთებაც ნებისმიერ სხვა წევრს მხოლოდ სამივე ქვეყნის თანხმობით შეუძლია.

30 იანვარს მოსკოვში გაიმართება რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა. მხარეები ამგვარი მოლაპარაკების ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ 11 იანვარს, პირველ შეხვედრაზე, რომელიც ქვეყნების პირველ პირებს შორის გაიმართა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. ფორმატის მონაწილეთა მთავარი ამოცანაა იმის განსაზღვრა, თუ რისი აშენება ან აღდგენა იქნება საჭირო საიმისოდ, რომ რეგიონში სრულად აღდგეს სატრანსპორტო კომუნიკაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG