Accessibility links

site logo site logo

პენიტენციური სამსახური შეისწავლის ადვოკატთან მელაშვილის კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების შესაძლო დარღვევას


სახალხო დამცველს განცხადების ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც ის მიუთითებს, სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. როგორც ომბუდსმენი მიუთითებს, ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია კლიენტის ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალობა. ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მსგავსი ვარაუდის რაიმე საფუძველი, რის გამოც დაწესებულება ივერი მელაშვილის ჩანაწერებს შინაარსობრივად არ უნდა გაცნობოდა.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG