Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოცაფეთქება“ - საპროტესტო აქციის მონაწილეები შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ


"გახსენით ქვეყანა! გახსენი ეკონომიკა", - ამ შეძახილებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან და კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ხანგრძლივი შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, დაინახონ და გააცნობიერონ ე.წ. ლოკდაუნის გამო შექმნილი პრობლემები და დროულად მიიღონ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება, რათა, მათი თქმით, ისედაც რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ჩავარდნილი მოქალაქეები და გაკოტრებამდე მისული ბიზნესები, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესის, ზამთრის კურორტებზე დასაქმებული ადამიანები, ფიტნესკლუბების მფლობელები და სხვა.

„სოცაფეთქება“ - ამ გზავნილით შეკრებილი მოქალაქეები და ბიზნესის ხელმძღვანელები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რეგულაციების დაცვით;
  • განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
  • გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
  • ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;
  • გაიხსნას ფიტნეს და სპორტული დარბაზები შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და მკურნალობას აფერხებს;
  • გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;
  • გაუქმდეს კომენდანტის საათი.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში.

აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

15 თებერვლიდან გაიხსნება ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

1-ლ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG