Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენ არკადი როტენბერგის თქმით, გელენჯიკის მახლობლად მშენებარე სადავო "სასახლე" მას ეკუთვნის


არკადი როტენბერგი (მარჯვნივ) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად. 2020 წ. 18 მარტის ფოტო.
არკადი როტენბერგი (მარჯვნივ) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად. 2020 წ. 18 მარტის ფოტო.

ბიზნესმენმა არკადი როტენბერგმა Telegram-ის არხ Mash-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ეკუთვნის გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“, რომლის გარშემოც გამოძიება ჩაატარეს ალექსეი ნავალნიმ და მისმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა.

როტენბერგის თქმით, ის არის ბენეფიციარი. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პროექტს ადრე მრავალი კრედიტორი ჰყავდა. „ეს აღმოჩენაა. ადგილი შესანიშნავია“, თქვა როტენბერგმა. მან დააზუსტა, რომ იდოკოპასის კონცხზე აშენებენ აპარტამენტების სასტუმროს, რომელიც ორი წლის განმავლობაში უნდა გაიხსნას.

გელენჯიკის მახლობლად მდებარე უძრავი ქონებისადმი ინტერესი ალექსეი ნავალნის ფილმმა აღძრა. გამოძიებაში ნათქვამია, რომ „სასახლე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. შენობის სავარაუდო ღირებულება 100 მილიარდი რუბლია. ობიექტის მახლობლად მოქმედებს ფრენისთვის აკრძალული ზონა და მონახულების მკაცრი რეჟიმი. პუტინმა უარყო ამ შენობასთან კავშირი და განაცხადა, რომ მისი მფლობელები კერძო კომპანიები არიან.

შეკითხვაზე, რატომ არ განაცხადა „სასახლის“ მფლობელობის შესახებ ნავალნის ფილმის გამოსვლის შემდეგ, როტენბერგმა აღნიშნა, რომ არ სურდა სკანდალი და განცხადების გაკეთებას მშენებლობის დასრულების შემდეგ აპირებდა.

არკადი როტენბერგი ვლადიმირ პუტინს დიდი ხანია იცნობს. თავად ის ამბობს, რომ პრეზიდენტთან მისი მეგობრობა „დროით არის შემოწმებული“.

როტენბერგი შეყვანილია აშშ-ის სანქციების სიაში. ბიზნესმენის ერთ-ერთი კომპანია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG