Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ხვალ ან ზეგ გაირკვევა, რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო „ფაიზერისგან“


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 31 იანვარს ან პირველ თებერვალს გახდება ცნობილი, ზუსტად რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს თებერვლის ბოლოს საქართველო „ფაიზერისგან“.

მისი თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც covax-პლატფორმის გავლით „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზებს მიიღებს:

„დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება. გეგმის თანახმად, აიცრება სამედიცინო პერსონალი. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებითი დოზა იქნება 30 ათასამდე“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 იანვარს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თებერვლის ბოლომდე საქართველო „ფაიზერისგან“ ვაქცინას მიიღებს.

„ფაიზერი“ ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინაა. ვაქცინა დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მის შესანახად საჭიროა მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები. ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში 200 ათასი დოზა „ფაიზერის“ დასაწყობების შესაძლებლობა არსებობს. - 80-გრადუსიანი მაცივრები დგას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG