Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა მთელს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე


რუსეთში პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომელთა მონაწილეები ითხოვენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას წინასწარი პატიმრობიდან.

კვირას რუსეთის მრავალ ქალაქში განალაგეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები, რათა აღეკვეთათ არასანქცირებული აქციები.

სამართალდამცველები მკვეთრი ძალისმიერი მეთოდებით აკავებდნენ დემონსტრანტებს, სცემდნენ, ელექტროშოკს და ცრემლმდენ გაზს იყენებდნენ მათ წინააღმდეგ.

ხელისუფლებამ მსგავსი მეთოდები გამოიყენა ერთი კვირის წინაც, როცა რამდენიმე ათასი ადამიანი დააპატიმრეს ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე. ვაშინგტონმა მკაცრად დაგმო რუსეთის სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობა.

მოსკოვში 840-მდე დაკავებულ ადამიანს შორის იყო ნავალნის მეუღლე იულია. თავად ნავალნის 30 დღით პატიმრობა აქვს მისჯილი ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს და შეთითხნილს უწოდებს.

მოსკოვში დემონსტრაციები თავდაპირველად გადაიდო, ვინაიდან ხელისუფლებამ ჩაკეტა ცენტრისკენ მიმავალი სატრანსპორტო ხაზები. პეტერბურგში პოლიციის თანამშრომელი ხელკეტით დაემუქრა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, რომელმაც იკითხა, რატომ აკავებდა აქციის მონაწილეს. მთლიანობაში პეტერბურგში 480-მდე ადამიანი დააკავეს.

საერთო ჯამში კვირას რუსეთში 35 ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის რვა - პეტერბურგში, იტყობინებიან უფლებადამცველები.

შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში ხალხი არ შეუშინდა სასტიკ ყინვას და სპეცდანიშნულების რაზმების სიმრავლეს.

OVD-Info-ს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 4000-მდე ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG