Accessibility links

site logo site logo

ლინა ღვინიანიძე ნამახვანი ჰესების მშენებლობის  თაობაზე: მთელი ეს პროცესი არის ბუნდოვანი, არადემოკრატიული და უკანონო


ლინა ღვინიანიძე

მთავარი პრობლემა, რომელიც ნამახვანი ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვა რისკების შეფასების გარეშე გასცა, - აღნიშნა რადიო თავისუფლების დილის საუბრებში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ. გადაცემაში მან თქვა, რომ მთელი ეს პროცესი იყო ბუნდოვანი, არადემოკრატიული და უკანონო, რაც იწვევს როგორც მოსახლეობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობას:

„უკანონო იმიტომ, რომ ფაქტობრივად შენდება ძალიან დიდი უზარმაზარი ჰესი, მაღალი ალბათობით, ძალიან დიდი გავლენებით, ეს გავლენები შეიძლება იყოს დადებითიც და ნეგატიურიც, მაგრამ არ ვიცით, როგორი არის მისი გავლენები. არ ვიცით, როგორია საფრთხეები და რისკები. და როცა ვამბობ, რომ არ ვიცით, ვამბობ, რომ არ იცის სახელმწიფომ, რომელიც ამის ცოდნაზეა პასუხისმგებელი და მან ამ კვლევების გარეშე გასცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, იმ მწირ მასალებზე დაყრდნობით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აკეთებენ დასკვნებს და ამბობენ, რომ სახელმწიფოს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია, თუმცა მათი ცოდნა მათ ეუბნებათ, რომ ძალიან მაღალ რისკებზე შეიძლება იყოს საუბარი, როგორც გეოლოგიურ, ასევე ჰიდროლოგიურ, ასევე სეისმოლოგიურ რისკებზე“, - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ სახელმწიფოს მოვალეობა იყო, პროცესში ჩაერთო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე დარგის სპეციალისტები, რაც არ გაკეთებულა:

„ჩვენ ვხედავდით მთელი ამ წლების მანძილზე სრულიად ფორმალურ პროცესს, ადამიანები, რომლებსაც მართლაც აქვთ კითხვები ადგილზე, ისინი ამ პროცესის მონაწილეები არ ყოფილან“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ჰესის კასკადის ტერიტორიაზე 30 იანვარს, დილიდან განახლდა სამშენებლო სამუშაოები, რასაც ხმაური და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული პოლიციაც. საღამოს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი კარავი. მოგვიანებით ტერიტორიიდან, სადაც „ნამახვანჰესის​“ აშენება იგეგმება, მოხსნეს ჯვარიც.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

ნამახვანი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია 1 თებერვალს პარლამენტის შენობასთან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის პარალელურად გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG