Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლი გაუჩნდა ENKA-ს საწყობს, რომელიც ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს


ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საწყობს, რომელშიც კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. კომპანიის განცხადების თანახმად, შემთხვევა 1 თებერვალს, დილის 4 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში, ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე მოხდა. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა ხანძრის სამი კერა, რომლებიც ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია.

„საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია.
ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
დამატებით ინფორმაციას კომპანია ENKA უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, - ნათქვამია „ენკა რინიუებლზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშუალებით.

ნამახვანის ჰესების კასკადის ტერიტორიაზე 30 იანვარს, დილიდან განახლდა სამშენებლო სამუშაოები, რასაც ხმაური და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული პოლიციაც. საღამოს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი კარავი. მოგვიანებით ტერიტორიიდან, სადაც „ნამახვანჰესის​“ აშენება იგეგმება, მოხსნეს ჯვარიც.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივთა ნაწილი რამდენიმე თვეა დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს სოფელ ჟონეთში, რიონის კალაპოტთან ჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო ტექნიკის გატანის მოთხოვნით.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG