Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 23 მარტამდე მოითხოვს შინაპატიმრობას ნავალნის პრესმდივნისთვის


კირა იარმიში

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის სასამართლოს მიმართა თხოვნით, 23 მარტამდე შინაპატიმრობა მიუსაჯოს კირა იარმიშს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანს.

კომიტეტმა ბასმანის ოლქის სასამართლოს 1 თებერვალს მიმართა და განაცხადა, რომ იარმიშმა დაარღვია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული ჯანდაცვის და უსაფრთხოების წესები, ნავალნის მხარდასაჭერად მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით გამოსვლით.

იარმიში და ნავალნის კიდევ რამდენიმე მოკავშირე 21 იანვარს დააკავეს და ბრალად დასდეს არასანქცირებული გამოსვლების მოწყობა. 22 იანვარს სასამართლომ დაადგინა, რომ იარმიში ცხრა დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო ციხეში.

ალექსეის ძმას, ოლეგ ნავალნის, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატს, ლიუბოვ სობოლს და ოპოზიციონერის მოსკოვის შტაბბინის კოორდინატორს, ოლეგ სტეპანოვს უკვე მიუსაჯეს შინაპატიმრობა 23 მარტამდე, ანალოგიური ბრალდებებით.

თავად ნავალნი 17 იანვარს დააპატიმრეს, როცა გერმანიიდან დაბრუნდა - სადაც მას აგვისტოში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ. ნავალნი კრემლს ადანაშაულებს თავის მოწამვლაში. კრემლი უარყოფს ბრალდებას.

ნავალნის ბრალად წაუყენეს იმ პირობითი პატიმრობის წესების დარღვევა, რომელიც მას მიესაჯა გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით. ნავალნი იმ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2 თებერვალს გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ, შეუცვალონ თუ არა ნავალნის სამ-ნახევარი წლით მისჯილი პირობითი სასჯელი - რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა - რეალურად ციხეში ყოფნით.

ნავალნის გუნდმა 23 იანვარს რუსეთის მასშტაბით მასობრივი აქციები მოიწვია, მისი დაკავების გასაპროტესტებლად.

ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციებში, რომლებიც განმეორდა 31 იანვარს.

პოლიციამ ორივე აქციაზე ძლიერი ზეწოლა განახორციელა, ზოგ შემთხვევაში უხეში ძალის გამოყენებით დააკავა ათასობით დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG