Accessibility links

logo-print logo-print

ბაიდენი გამოსვლაში საგარეო პოლიტიკის ხედვაზე ილაპარაკებს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 1 თებერვალს გამოვა სიტყვით, რომელშიც ისაუბრებს თავის ხედვაზე საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, იმ ფონზე, როცა ის ცდილობს ქვეყნის კურსის შეცვლას მას შემდეგ, რაც ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის პრინციპი, "პირველ რიგში ამერიკა".

ბაიდენის გამოსვლის ძირითადი თემა იქნება "მსოფლიოში ამერიკის ადგილის აღდგენა" - ადმინისტრაციის წარმომადგენლის ამ სიტყვებს ავრცელებენ NBC News-ი და CNN-ი.

გავრცელებული მოლოდინით, ბაიდენი პოლიტიკის დეტალებს არ შეეხება, თუმცა ამ გამოსვლაში შეეცდება ახალი ტონალობის შემოტანას, მას შემდეგ, რაც ტრამპი უგულებელყოფდა საერთაშორისო ინსტიტუტებს და კონფლიქტებში შედიოდა როგორც მოკავშირეებთან, ისე მეტოქეებთან. ბაიდენი, ასევე, სრულად დაუჭერს მხარს მის ახალ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხდება იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის პერიოდში იქ განწყობა დამძიმდა.

20 იანვარს, თავის საინაუგურაციო გამოსვლაში ბაიდენმა პირობა დადო, რომ გამოასწორებს დაძაბულ ალიანსებს და კვლავ ჩაერთვება მსოფლიოს საქმეებში.

ბაიდენმა უკვე გადადგა ნაბიჯები პარიზის კლიმატის შესახებ ხელშეკრულებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) დასაბრუნებლად, რაც ნაწილია საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობებისა, რომ ის პრიორიტეტებად აქცევს გლობალურ დათბობასა და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას.

მსოფლიო ასპარეზზე ბაიდენი რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, მათ შორის, ირანთან გაზრდილი დაძაბულობის დეესკალაციის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამასთან გამკლავების საჭიროებების წინაშე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე მზარდი დაძაბულობა ჩინეთსა და რუსეთთან, იმ ფონზეც კი, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს თანამშრომლობის და საერთო ინტერესების სფეროების გამოკვეთას თავის მეტოქეებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG