Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას


აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ აშშ-ის ძლიერ, ორპარტიულ მხარდაჭერას. აშშ-ისთვის პრიორიტეტად რჩება უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ბლინკენი კულებას დაპირდა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის ძლიერი ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მნიშვნელოვანია უკრაინამ შეინარჩუნოს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის და ეკონომიკური რეფორმების პროცესში, რამაც უკრაინის ინსტიტუტები უნდა განამტკიცოს და უკრაინელ ხალხს კეთილდღეობა მოუტანოს.

ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან უკრაინის ბრძოლა. ასევე, უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის დაძლევისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა.

აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა უფრო ამბიციური გახდება.

დმიტრო კულებას თანახმად, უკრაინის და აშშ-ის ურთიერთობებში ახალი დღე იწყება. კულება აშშ-ს მადლობას უხდის უკრაინის სუვერენტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის წინა პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დემოკრატები ბრალს სდებდნენ უკრაინასთან მიმართებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ამ ბრალდებით, 2019 წელს, წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან და წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

2021 წლის 11 იანვარს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და პრორუსული ორიენტაციის უკრაინელ კანონმდებელთან ურთიერთობებში. ეს საქმე კავშირშია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეთა მცდელობასთან, მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მოეპოვებინათ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ხელსუფლებამაც განაცხადა, რომ დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG