Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მიქელაძე კიდევ ერთხელ დაიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში


საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ამ დროისთვის წევრი, მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში მესამედ დაიბარეს გამოკითხვაზე "კარტოგრაფების საქმის" გამოძიების იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ცდილობს, დაადგინოს, ვისი დავალებებით მოქმედებდნენ ქვეყნის საზიანოდ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

„კარტოგრაფების საქმეზე” მალხაზ მიქელაძეს ჩვენება ორჯერ აქვს მიცემული, 11 სექტემბერს და 4 დეკემბერს. ის პროკურატურას ჩართული ჰყავდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, უსმენდა და უთვალთვალებდა საკუთარ სამუშაო ოთახში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა საქმეში მტკიცებულებად არსებული მიქელაძის და ივერი მელაშვილის დამონტაჟებული საუბარიც, რომელიც ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახშია გადაღებული.

ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისცა მალხაზ მიქელაძემ, მან თქვა, რომ მედიიდან გაიგო ის, რომ იყო ფარული მოსმენისა და მიყურადების ობიექტი და არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობის და შინაარსის ფარული ჩანაწერები აქვს გამოძიებას მისი მონაწილეობით.

მალხაზ მიქელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, მომლაპარაკებელს მხარს უმაგრებდეს ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც წარმოადგენს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

"მე 1991 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ვმუშაობ და 1997 წლიდან, ოცდამეოთხე წელია, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარ. ბევრ მოლაპარაკებებში მიმიღია მონაწილეობა და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან მე არასოდეს აფილირებული არ ვყოფილვარ. შესაბამისად, მომიწია მუშაობამ შევარდნაძის მთავრობის დროსაც, სააკაშვილის პრეზიდენტობისასაც, ახლაც, „ოცნების“ ხელისუფლების დროს, ისევ აქ ვმუშაობ. ყველა ეს ეტაპი მაფიქრებინებს, რომ ეს უწყება არის ის უწყება, სადაც პოლიტიკური ზეგავლენა არ უნდა იგრძნობოდეს. პოლიტიკური კონსენსუსი უნდა იყოს საქართველოს მომავალზე და მე ვატყობ, ასეც არის მრავალ საკითხზე.

მოლაპარაკებების დროს, როცა მე საქართველოს ინტერესს წარმოვადგენდი, ეს არ იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი, ეს იყო ჩემი ქვეყნის ინტერესი. მე სულ ვგრძნობდი, რომ ჩემს უკან ქვეყანა, სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროც დგას. ის გამოიმუშავებს ძირითადად ხაზს და მე მხოლოდ გამტარი ვიყავი ამ ინტერესების.

დიპლომატია, კერძოდ, საზღვრის დამტკიცება, ორი მხარის პრეროგატივაა და არა ერთი მხარის. იმ მხარესაც უნდა აწყობდეს და როგორ მივლენ საერთო ნიშნულამდე... საკმაოდ რთული იქნება. გართულდება ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, შინაარსობრივად ბევრი შეზღუდვები წარმოიშვება და მეორე, მომლაპარაკებელს ნამდვილად ზურგს უნდა უმაგრებდეს ის უწყება, რომელსაც წარმოადგენს", - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ მიქელაძემ 26 იანვარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG