Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა იუსტიციის მინისტრს მიმართეს, დაინტერესდეს რაგბის კავშირის საქმით


საქართველოს რაგბის კავშირის ახალი საერთო კრება (ყრილობა) 24 თებერვალს გაიმართება და დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. რაგბის კავშირის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, გადაწყვეტილება ძველმა გამგეობამ მიიღო, 31 იანვარს, ონლაინრეჟიმში გამართულ სხდომაზე, რომელსაც თხუთმეტი წევრიდან თორმეტი დაესწრო.

გამგეობისვე გადაწყვეტილებით, თუკი 22 თებერვლამდე, საჯარო რეეესტრი დაადასტურებს, რომ 30 დეკემბერს ჩატარებულ ყრილობაზე ყველაფერი კანონიერად მოხდა, მაშინ კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას იმ არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძე დაიკავებს. 24 თებერვლის საერთო კრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კი ავტომატურად დაკარგავს ძალას.

აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი არჩევნებიდან ერთ კვირაში - 6 იანვარს უთხრა და საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად დრო მისცა. არაღიარებულმა პრეზიდენტმა ეს 22 იანვარს გააკეთა და რეესტრი საბოლოო გადაწყვეტილებას ყველაზე გვიან, 21 თებერვალს მიიღებს.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერთა გუნდმა, რომელიც მოქმედი და ვეტერანი მორაგბეებისა და მწვრთნელებისგან შედგება, ძველი გამგეობის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგით გააპროტესტა.

„ძველი გამგეობის წევრებს არ ჰქონდათ ყრილობის ჩანიშვნის უფლება. ისინი ქართულ რაგბის ვიწრო ინტერესებს სწირავენ და ღირსებას ართმევენ. მიზნის მიღწევას ბინძური მეთოდებით ცდილობენ და პირადი კონტაქტების ხარჯზე, ამ სიბინძურეში სახელმწიფო სტრუქტურები ჩართეს. საჯარო რეესტრმა ყველა საბუთი მიიღო და ველოდებით შედეგს. ძველი, არალეგიტიმური გამგეობის წეევრები კი პასუხის მიღებამდე, ჩუმად და სამარცხვინოდ, საქართველოს რაგბის კავშირის იურიდიული სამსახურისა და გამგეობის თავმჯდომარის გარეშე შეიკრიბნენ და ახალი, დე ფაქტო არჩევნები ჩანიშნეს", - განაცხადა აბუსერიძის მხარდამჭერთა გუნდის წევრმა, ყოფილმა „ბორჯღალოსანმა“ სიმონ მაისურაძემ.

ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრები მიმართავენ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ საქმით. ასევე, მოუწოდებენ რაგბის გულშემატკივრებს, დადგნენ მათ გვერდით, ქართული რაგბის გადასარჩენ ბრძოლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG