Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის კვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს


ავთანდილ ენუქიძე
ავთანდილ ენუქიძე

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული ავთანდილ ენუქიძე საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერად აირჩიეს. „ევროპელი სოციალისტების“ კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ავთანდილ ენუქიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა რეგლამენტში ახლახან შეტანილი ცვლილების საფუძველზე. 28 იანვარს, პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება, რომლის თანახმად, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

რეგლამენტით დადგენილი წესით, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტზე არ ვრცელდება, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თავად ფრაქციის შექმნის უფლება აქვს 7 დეპუტატს. მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიიდან არჩეული 4 დეპუტატია.

„ევროპელი სოციალისტების“ ამჟამინდელი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, ადგილმონაცვლის პრინციპით, მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG