Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხდარი ტერაქტების შედეგად


ქაბულში 18 იანვარს მომხდარი აფეთქების ადგილი
ქაბულში 18 იანვარს მომხდარი აფეთქების ადგილი

აფეთქებების სერიას დღეს სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ავღანეთის დედაქალაქში, სადაც არ კლებულობს ექსტრემისტების თავდასხმები უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.

2 თებერვალს ქაბულში მომხდარი ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე იყო ავტომობილი, რომელშიც არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯამია-ი-ისლაჰის“ ხელმძღვანელი, მოჰამედ ატიფი იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად ატიფი და მისი თანმხლები პირი დაიღუპნენ.

ქაბულში მომხდარ აფეთქებებს გაემიჯნა ორგანიზაცია თალიბანი, რომლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედიას უთხრა, რომ დაჯგუფებას „არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან“.

ქაბულის გარდა თავდასხმა მოხდა ასევე ქალაქ ჯალალაბადში. იქ დანაღმული ავტმობილის აფეთქების შედეგად ერთი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბოლო თვეებში თალიბანისა და სხვა დაჯგუფებების მხრიდან იზრდება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული თავდასხმების რიცხვი, რომლის მსხვერპლი, ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სულ უფრო ხშირად ხდებიან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.

ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთის აღდგენის საგანგებო გენერალური ინსპექტორის (SIGAR) ანგარიშში, რომლის თანახმად, ბოლო კვარტალში ქაბულში განხორციელებული თავდასხმების ინტენსივობა ბევრად აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG