Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი: „პუტინი ისტორიაში შევა, როგორც მომწამვლელი"


ალექსეი ნავალნი სასამართლოს დარბაზში
ალექსეი ნავალნი სასამართლოს დარბაზში

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე, რომელიც 2 თებერვალს მიმდინარეობს მის მიმართ „ივ როშეს“ საქმეზე პატიმრობის შეფარდების საკითხზე, კვლავ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა მასზე „ნოვიჩოკით“ განხორციელებულ თავდასხმასა და მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნაში.

„მე მას სასიკვდილი წყენა მივაყენე იმით, რომ კარგი ადამიანების, მფრინავებისა და ექიმების დახმარებით გადავრჩი, რომ არ დავიმალე ბუნკერში დაცვის ზურგს უკან ამოფარებული, შემდეგ კიდევ უფრო საშინელი რამ მოხდა - მონაწილეობა მივიღე საკუთარი თავის მოწამვლის გამოძიებაში, ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ პუტინმა ეფესბეს გამოყენებით განახორციელა თავდასხმა ჩემს მოსაკლავად“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ 2 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, რეალური პატიმრობით შეუცვალოს თუ არა მას ძველ საქმეზე პირობითი პატიმრობა, რაც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ.

მსოფლიოში აღშფოთებას გამოხატავენ ნავალნის დაკავების გამო, რასაც კვირას ათიათასობით ადამიანის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელს რუსეთში - უდიდესი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.

ნავალნი სასამართლოში იმყოფება, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როცა ის ონლაინრეჟიმში ერთვებოდა პროცესს.

სხდომის დაწყებამდე ნავალნიმ შეაქო თავისი მეუღლე, იულია, რომელიც ასევე ესწრება სასამართლო პროცესს მას შემდეგ, რაც ის წინა დღეს დააჯარიმეს კვირის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მახლობლად მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია პოლიციის კორდონებით. სასამართლოს შენობის გარშემო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მრავალი წევრი დგას. შორიახლოს დგას პოლიციის ავტობუსებიც.
დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, რომ სასამართლოს შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG