Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეზე: სახელმწიფო უსუსურია ასეთი ბანდიტების წინაშე


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროს, ლაშა თორდია ამბობს, რომ მისი თავდასხმის საქმეზე ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამართლება სახელმწიფოს უსუსურობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქმე ასე დასრულდებოდა.

"მზის შუქზე თუ გამოიტანდნენ ასე სამარცხვინოდ, არ მეგონა. მეგონა, უფრო შეფარულად გააკეთებდნენ, სხვა ფორმებით, რომ ასეთი ნათელი არ ყოფილიყო, რომ ასეთი უსუსურია სახელმწიფო ასეთი ბანდიტების წინააღმდეგ... ახლა მოსაჭიდი იპოვეს ჩოხელი, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოაძვრინონ თემიდან და მასზე გადაიტანეს აქცენტები. ჩოხელი არის თანხმლები პირი, რომელიც უბრალოდ იქ იყო, რა თქმა უნდა მონაწილეობდა, თუმცა მთავარი არის ოთარ ფარცხალაძე", - თქვა თორდიამ "მთავარი არხის" ეთერში.

ამ საქმეზე განაჩენი სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, თუმცა მედიისთვის ხელმისაწვდომი ახლა გახდა. საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საქმეზე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით დაეკისრა მხოლოდ ერთ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელს.

სასამართლომ ამ საქმეზე წელიწადზე მეტხანს იმსჯელა. თავად ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი კი 2017 წლის 12 მაისს მოხდა, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“.

გამოძიება ამ საქმეზე ცემის მუხლით მიმდინარეობდა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კი მოითხოვდა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG