Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაგბო აურზაური გრძელდება - რეესტრმა გადაწყვეტილება განმარტა


იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირში 30 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ირაკლი აბუსერიძეს საბუთებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეესტრისთვის ჯერ არაფერი მიუწოდებია, 22 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის გარდა, რომლის თანახმადაც, აბუსერიძე არ ეთანხმება მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნებს.

აი, რა წერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ფეისბუkგვერდზე აიტვირთა:

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის" პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. როგორც საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, „საქართველოს რაგბის კავშირმა" პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება ვერ შედგა. ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, სადაც, პირველი კრებისგან განსხვავებით, კვორუმისთვის, ნაცვლად ნამდვილ წევრთა ხმათა 2/3-ისა, საჭიროა ნამდვილ წევრთა ხმების, სულ ცოტა, 50 %-ზე მეტი. „საქართველოს რაგბის კავშირის" წესდებით, ასეთ დროს განმეორებითი კრება არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პრეზიდენტის არჩევის გარდა, განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი. კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რომელიც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ შედიოდა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვით რომც ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი.

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები წინააღმდეგობაშია და არ შეესაბამება თვით რაგბის კავშირის წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების თაობაზე და ირაკლი აბუსერიძეს საბუთებში არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის ვადა 5 თებერვლამდე მისცა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში შემოსულია მხოლოდ 2021 წლის 22 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ირაკლი აბუსერიძე არ ეთანხმება მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნებს, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად კი საჯარო რეესტრს დღემდე რაიმე ტიპის დოკუმენტი არ მიუღია“.

ირაკლი აბუსერიძემ 6 იანვრის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ რაგბის კავშირის წესდება არ დარღვეულა და მისთვის რეგისტრაციის შეჩერების საბაბი არ არსებობდა. არაღიარებული პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დღეს თხოვნით მიმართეს იუსტიციის მინისტრს, რომ რაგბის კავშირის გარშემო მიმდინარე მოვლენებით პირადად დაინტერესდეს. ამასთან, გულშემატკივრებსაც მოუწოდეს დადგნენ მათ გვერდით ქართული რაგბის გადასარჩენად. უპრეზიდენტო რაგბის კავშირში კი ძველი გამგეობის წევრები შეიკრიბნენ და ონლაინ-რეჟიმში გამართულ გამგეობის სხდომაზე ახალი ყრილობის თარიღი დანიშნეს.

ძველი გამგეობის გადაწყვეტილებით, ქართულმა სარაგბო სამყარომ კავშირის პეზიდენტი 24 თებერვალს უნდა აირჩიოს, მაგრამ თუ იქამდე საჯარო რეესტრი დადებს დასკვნას, რომ 30 დეკემბრის ყრილობა წესების სრული დაცვით ჩატარდა, მაშინ გამგეობის გადაწყვეტილება უმალ გაუქმდება და ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG